,,მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას თავი დაანებონ, მობრძანდნენ და ვისაუბროთ”- გია ცაგარეიშვილი

,,კრისტალიზაცია ხდება ვიწროპარტიულ ინტერესებზე, მაგრამ საყოველთაო ინტერესია, რომ  სიტუაცია განიმუხტოს და ერთად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, თავი დაანებონ ,,გაბუტვას” და ხელისუფლებასთან სასაუბროდ მივიდნენ.

„აქ სხვა პროცესი ვერ წარიმართება და რეკომენდაციების შესრულების პროცესი უნდა იყოს ხელისუფლების მიერ წარმართული. სწორედ ხელისუფლების მისამართით არის ევროკომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები და გიორგი ვაშაძემ რაც არ უნდა ტანზე შემოიხიოს, არ არის ხელისუფლება, ღმერთმა არ ქნას, ვერც იქნება ვერასდროს. ამიტომ, მოითმინონ, დაფიქრდნენ და ხელისუფლებასთან სასაუბროდ მოვიდნენ. პარლამენტში ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობაში მეც ვყოფილვარ, მაგრამ კოლეგებთან ყოველთვის ვახერხებდი საერთო ენის გამონახვას, ვიდრე ოჯახებში არ შემოგვივარდნენ თოფიანებით. ამიტომ, მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას თავი დაანებონ, მობრძანდნენ და ვისაუბროთ. მესმის, ჩვენი ხილვა არ მოსწონთ, ჩვენც არ გვეხატებიან გულზე, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ გვეხატება გულზე, ხომ გვიყვარს საქართველო, თუ გვძულს? თუ გვიყვარს, მაშინ მოვიდნენ და ვისაუბროთ. რაღაცაზე მოვრიგდებით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით და ხალხს ვუთხრათ ეს ყველაფერი, რაზე შევთანხმდით და რაზე – ვერა.

19 აპრილის ავადსახსენებელი შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა და შემდეგ ამის ანულირება მოხდა. ამ პროცესის ტორპედირება მოახერხეს და ამ პროცესში წვრილ-წვრილი თავის ჩრდილში მყოფი პარტიები ჩაითრიეს, რომ შეთანხმება ჩაეშალათ. რა მიიღეს შედეგად? – მივიღეთ, ისევ გაღრმავებულო პოლარიზაცია და მათი მარცხი. კრისტალიზაცია ხდება ვიწროპარტიულ ინტერესებზე, მაგრამ საყოველთაო ინტერესია, რომ  სიტუაცია განიმუხტოს და ერთად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი თემები