,,ვიდრე აშშ-სა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან, ამ კონფლიქტში უშუალოდ არ ჩავერთვებით”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში უშუალოდ არ ჩაერთვება, მანამ აშშ-სა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან. ამასთან ბაიდენის თქმით, არ ეცდება, უკრაინას ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა აიძულოს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მისი ქმედებები აღმაშფოთებელია, ამერიკის შეერთებული შტატები არ ეცდება მოსკოვში მის ჩამოგდებას. ვიდრე ამერიკასა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან, ჩვენ ამ კონფლიქტში უშუალოდ ჩართული არ ვიქნებით, არც უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნით, არც რუსეთის ჯარზე თავდასხმით“, – განაცდა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გამო პასუხი უნდა აგოს, სხვა შემთხვევაში, ეს სხვა აგრესორებისთვის სიგნალი იქნება სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციისთვის.

„ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნავს ბაიდენი.

ჯო ბაიდენის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს, რათა უკრაინამ შეაკავოს თავდამსხმელი და დაიცვას თავი.

„ჩვენ სწრაფად გავუგზავნეთ უკრაინას მნიშვნელოვანი მოცულობის იარაღი და საბრძოლო მასალები, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე ძლიერი პოზიციის დაკავება შეძლოს და ასევე, მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ჰქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები