,,ჩვენ ახლა ვიცავთ ყველა თავისუფალი ერის თავისუფლებას და სიცოცხლის უფლებას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ მორიგ ვიდეო მიმართვაში მადლობა გადაუხადა აშშ-ს და ამერიკელ ხალხს დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებისთვის, რომლის ღირებულება 40 მილიარდი დოლარია. პრეზიდენტმა მიმართვაში ყურადღება გაამახვილა, ლენდ-ლიზის პროგრამის მნიშვნელობაზეც.

,,შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჩვენი სახელმწიფოსა და გლობალური დემოკრატიის მხარდაჭერის ახალ და მნიშვნელოვან პაკეტს, რომელიც თითქმის 40 მილიარდ დოლარს მოიცავს. ეს თანხები რაც შეიძლება სწრაფად და ბიუროკრატიის გარეშე უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.

პირველ რიგში, თანხები მიმართული იქნება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობისკენ, თუმცა არამხოლოდ ამისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციის, ოკუპანტების მიერ ომის დანაშაულების გამოძიების მხარდაჭერაზე. მეორე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და ისტორიულიც კი.

შემთხვევითი არ არის, რომ 9 მაისს ხელი მოეწერა უკრაინის დემოკრატიის თავდაცვის ახალ აქტს. მე პირადად მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ მხარდაჭერისთვის, ამ გადაწყვეტილებისთვის და ასეთი სიმბოლიზმისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვიცავთ ყველა თავისუფალი ერის თავისუფლებას და სიცოცხლის უფლებას ტირანიის წინააღმდეგ ომში, რომელიც ევროპას არანაკლებ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ეს იყო 80 წლის წინ. რაც არ უნდა გააკეთონ ოკუპანტებმა, ეს არაფერს ნიშნავს. მათ არანაირი შანსი არ აქვთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და ხალხს,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები