თითის რეპლანტაცია, ხელის ამპუტაციის საფრთხე – პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები  

ახალი წლის ღამით, ქუთაისში, პიროტექნიკით დაშავებულ მცირეწლოვან ბავშვს, თითის რეპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო თელავში, მტევნის დაზიანების გამო პაციენტის სასწრაფო ოპერაციისთვის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

პირველი იანვრის ღამეს, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, პირველი იანვრის ღამით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით ცხრა ადამიანი შეიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განაცხადა, სხვადასხვა სახის ოპერაცია ოთხ დაშავებულს ჩაუტარდა.  ​

პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები იყო თელავში, სადაც რეფერალურ საავადმყოფოს ორმა ადამიანმა მიმართა. პაციენტებს დაზიანებები ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ და მიკროქირურგთან კონსულტაციას საჭიროებდნენ. პაციენტები, სასწრაფო ოპერაციისთვის,  თბილისში გადაიყვანეს.

„ხელის მტევნების დაზიანებით ზრდასრული ასაკის ადამიანებმა მოგვმართეს. შემოვიდნენ პიროტექნიკით დაშავებული ქალი და მამაკაცი. ქალს უფრო მეტად ჰქონდა მტევანი დაზიანებული. მათი თბილისში გაგზავნა გახდა საჭირო. დაზიანებები საკმაოდ სერიოზული იყო და მიკროქირურგის დროული ჩარევის გარეშე, შესაძლოა, ამპუტაციის საჭიროება დამდგარიყო”, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

საახალწლო პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად მოქალაქეთა დაზიანების შემთხვევა იყო გორშიც. სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მიიყვანეს, აქედან 4 ბავშვია, ხოლო ერთი 65 წლის მამალაცი. ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნებოდა, ოთხს კი – სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები. 65 წლის მამაკაცს ზედა კიდურის მძიმე ხარისხის ტრავმა აღენიშნება. იგი ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარშია მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ დამწვრობის ცენტრს, დეკემბრის განმავლობაში, პიროტექნიკით დაშავებულმა 40-მა პაციენტმა მიმართა.

მსგავსი თემები