“დავემორჩილოთ დაწესებულ რეგულაციებს!” – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

  •  

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ილია მეორემ 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, სიცრუეა. მეტიც 4 აპრილს პატრიარქი საკვირაო მსახურებაზე არ იმყოფებოდა.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მეტიც, უწმინდესი და უნეტარესი 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუვებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები, საქართველოს საპატრიარქოსა და თავად უწმინდესისა და უნეტარესის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც მოგვიწოდებენ, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

„აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს 2020 წლის 25 ნოემბრის ოფიციალურ განცხადებაში.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოს ეკლესიამ მრავალგზის გამოხატა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის სხდომის განჩნების თანახმად, ეკლესია მიესალმება „იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო“. თავის მხრივ, „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.

დაბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი განცხადება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისა“ და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ოფიციალური ინტერნეტგვერდების მეშვეობით.”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები