ბიზნესმენის დატერორებისთვის ახალაიასა და კალანდაძეს შესაძლოა, ახალი ბრალი წაუყენონ

„სახელმწიფო არ არის მართალი, თუ ის არა არის ადამიანის მხარეს; სახელმწიფო არ არის მართალი, თუ ის არ არის დაჩაგრულის მხარეს, არ ცდილობდეს დაჩაგრულის დაცვას და მისი უფლების აღდგენას; სახელმწიფო არ არის მართალი, თუ ის არ ცდილობს მჩაგვრელისა და დამნაშავის პასუხიგებაში მიცემას“ – ეს განცხადება უფლებადამცველმა სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ხორგუანმა „მთავარში“ პრესკონფერენცია დაზარალებულ, ქონებაწართმეულ და პატიმრობამოხდილ ბიზნესმენთან ერთად გამართა, რომელიც წინა ხელისუფლების ტერორის მსხვერპლი აღმოჩნდა. საქმე ეხება ბიზნესმენ ნოდარ კაკაბაძეს, რომელიც ტვირთების აეროგადაზიდვებს აწარმოებდა. 2011 წელს ბრალდებულად ცნობილი ბიზნესმენი 2019 წელს უდანაშაულოდ ცნეს. მან საპატიმროც არარსებული ბრალდებით მოიხადა და დღეს მისი ბიზნესიც განიავებულია. ამ ყველაფერზე კი პასუხის გაცემა და ზიანის ანაზღაურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უწევს.

„პარლამენტმა აიღო პასუხისმგებლობა და იწყება მუშაობა, კრიტერიუმებზე, ვინ შეიძლება გახდეს მოსამართლე. ამიტომ, ეს კონკრეტული შემთხვევა მნიშვნელოვანია. ეს არის კონკრეტული საქმე და კონკრეტული ფაქტი. ის მოსამართლეები, რომლების ფიგურირებენ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, მათი უფლება უნდა შეიზღუდოს და ისინი ვერ უნდა გახდნენ უვადო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ჩვენ, ევროპული სასამართლოს გარდა, გვაქვს ჩვენი ეროვნული მტკიცებულება, ეროვნული საქმე, რომელიც გვიჩვენებს რომელ მოსამართლეს არ შეუძლია უვადოდ გამწესება. ხელში მიჭირავს 2 განაჩენი – ერთი 2011 წლის განაჩენი, როცა ადამიანი მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ ცნეს და 2019 წლის განაჩენი, რომა ეს ადამიანი უდანაშაულოდ ცნეს და სრულად გაამართლეს“ – აღნიშნა ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

2011 წლის განაჩენი მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა გამოიტანა, რომელიც მაშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოშია. როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, სწორედ მან მოაწერა ხელი ამ განაჩენი და დამნაშავედ ცნო უდანაშაულო ადამიანი. 2019 წლის განაჩენით ნოდარ კაკაბაძე გამართლდა და მას მიეცა უფლება, ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოსგან მოითხოვოს. ხორგუანი პარლამენტს მიმართავს და ითხოვს, ის მოსამართლეები, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებში არიან მხილებულნი, უვადოდ გასამწესებლად დაიბლოკონ.

„ერთ-ერთ კრიტერიუმად შეიძლება განვიხილოთ ის განაჩენები, რომელიც უკვე გადაისინჯა. ის მოსამართლეები, რომელთა ხელმოწერილ განაჩენებზე გამამართლებელი განაჩენები დადგა უვადოდ გამწესებისთვის ან უზენაესი სასამართლოსთვის უნდა დაიბლოკონ. მივმართავ პარლამენტს, ამ კრიტერიუმზე იმსჯელოს“ – აცხადებს ხორგუანი.

რაც შეეხება დაზარალებული ბიზნესმენისთვის მიყენებულ ზიანს, წინასწარი ინფორმაციით, ეს თანხა მილიონ დოლარამდეა. გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, ნოდარ კაკაბაძე დავას სამართლებრივი გზით აპირებს. ზიანის ანაზღაურება კი სახელმწიფოს მოქალაქეებისგან გადახდილი გადასახადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოიწევს.

„მნიშვნელოვანია მეორე თემა – მთავრობას შეუძლია გამოსცეს ახალი განკარგულება ან არსებულში შეიტანოს ცვლილებები, რომ იმ შემთხვევაში, როცა ქონება გაყიდულია ან შეუძლებელია მისი დაბრუნება, უნდა დავუშვათ შესაძლებლობა, დაზარალებულს მივცეთ ალტერნატიული ქონება. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამართლება და სამართლებრივი რეაბილიტაცია, არამედ მათი უფლების აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ არც ჩემი და არ თქვენი ბრალეულობა ამ საქმეში არ იყო, ჩვენ ვერ შევდგებით სამართლებრივ სახელმწიფოდ თუ ამ ადამიანებს არ აღვადგინეთ მათ ქონებრივ უფლებებს. შეიძლება ბევრს გაუჩნდეს პრეტენზია – მე რატომ უნდა ვაგო პასუხი ყოფილი ხელისუფლების დანაშაულზე, თუმცა ეს არის პრინციპი, ჩვენ ვართ იმ ხელისუფლების სამართალმემკვიდრე. ვისი ბრალეულობითაც არ უნდა იყვნენ ადამიანები დაზარალებულები, სახელმწიფომ უნდა აღვუდგინოთ მათ ეს უფლებები“ – აცხადებს ხორგუანი.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტული ბიზნესმენი ტერორში ამყოფეს, ქონება წაართვეს და დააპატიმრეს, ნოდარ კაკაბაძე ამ ეტაპზე ორ გვარს ასახელებს – ახალაია და კალანდაძე, რომლებიც ბიზნესმენს თავდაცვის სამინისტროს სახელით ატერორებდნენ.

მსგავსი თემები