„კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“ – მდინარაძე

“გარედან დაფინანსებული საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს. ამის გამო კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ივანიშვილის გუნდის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას რუსულს ეძახის, რაც მისი  განცხადებით მთავრობის დაკომპლექსების მცდელობაა.

„რაც არ უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე და თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე, როგორც კანადამ, საფრანგეთმა, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ჩვენი დასჯა. რომელიმე თქვენგანს გახსენდებათ კანადაში აქციები „არა რუსულ კანონს“ და „ვერ გახდება კანადა რუსეთის უკანა ეზოო?“ ან საფრანგეთის აქციები რატომ არ გააშუქეთ? იმიტომ, რომ არ ყოფილა, არავის მოსვლია აზრად, გაცილებით მკაცრი ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონი რუსულად მოენათლა. საქართველოში გახდა ეს მარტო „რუსული“ და საქართველოში სცადეს ამის რუსულად მონათვლა.

რაც კი საქართველოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შეეხება ამ ბოლო დროს, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ამით უნდათ, რომ ჩახსნან საქართველოში ხელისუფლების მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომ დააკომპლექსონ ხელისუფლება, მისი ამომრჩეველი და ამ კომპლექსით გავლენ ფონს. ის, რაც მიიღო კანადამ და საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ უნდათ, ეს მოხდეს. ამის გამო კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები