საქართველოს პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, 19 მაისს, სენაკში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.
მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები 5 პირმა მიიღო.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.