სენაკში მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, 19 მაისს, სენაკში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები  5 პირმა მიიღო.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

 

მსგავსი თემები