„გაითხოვეთ ამნისტია“ – ნიკანორ მელია უარს აცხადებს

საპატიმროში მყოფი ნიკანორ მელია ამნისტიით გათავისუფლების კატეგორიული წინააღმდეგია და ყველას სთხოვს, კანონპროექტი გაითხოვონ.   

„რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია. არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.

სრულიად ცხადია, რომ “ქართული ოცნება” ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას“ – აცხადებს მელია.

მისივე შეფასებით, ოპოზიციური ერთობა გადამწყვეტია და ის არ უნდა დაირღვეს.

„კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ “ქართულ ოცნებას”: ​გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, – აცხადებს მელია.

მსგავსი თემები