„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს საწარმოს დირექტორმა გოჩა ყარყარაშვილმა უმასპინძლა და სამუშაო პროცესი გააცნო. როგორც მან აღნიშნა, კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 25 ადამიანი, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება.

კომპანია „ეკო ჯორჯია“ პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბიოპლასტიკის გრანულებს, მასალას, რომლისგანაც ბიოდეგრადირებადი პარკი მზადდება. პროდუქტი პოლიეთილენის ალტერნატივაა და სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ 472-ე დადგენილებას, რომელიც პოლიეთილენის პარკების მოხმარებას, იმპორტს და რეალიზებას არეგულირებს.

კომპანიამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა ქონების ეროვნული სააგენტოსგან, სიმბოლურად 1 ლარად მიიღო და წარმოების 500 ტონამდე გაზრდის ვალდებულება აიღო.

კომპანია „ეკო ჯორჯიამ“ სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა. საწარმოში განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მსგავსი თემები