გუდაურში წყალი ისევ არ არის. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტზე წყლის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორის მოადგილემ, ზაზა სიხარულიძემ განაცხადა, წყლის მიწოდების აღდგენამდე „რედკოს“ კორპუსებისთვის წყალი ცისტერნებით მიუტანეს.
„რედკოს დასახლებისთვის“ წყლის მიწოდებაზე პრობლემა გუშინ საღამოს შეიქმნა. ამ წუთში „რედკოს“ კორპუსებს წყალი არ მიეწოდებათ, თუმცა ჩვენ სასწრაფოდ ცისტერნებით უზრუნველვყავით წყლის მიტანა. რვიდან ხუთ კორპუსს გააჩნია ავზები და ამ ავზებს ახლა ვავსებთ ცისტერნებით მიტანილი წყლით. ვაგროვებთ წყალს, რათა პრობლემის მოგვარებამდე კორპუსებში წყლის მიწოდება უზრუნველვყოთ. მანამდე იმედია, დაზიანებული მილის შეკეთებაც მოგვისწრებს, თუმცა რჩება სამი კორპუსი, რომლებიც არ არიან ავზებზე დაერთებული და მათ არ აქვთ წყალი“, – განაცხადა ზაზა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს წყლის მილის გასუფთავების სამუშაოები.
„შეფერხება გამოიწვია მაგისტრალის დაზიანებამ, რომლითაც ახალ გუდაურს წყალს ვაწვდიდით. ეს ახალი დაზიანებაა, რომელიც უკვე აღმოჩენილია. 200 მილიმეტრიანი პოლიეთილენის მილი გადახსნილია და ახლა მიმდინარეობს გასუფთავება, შემდეგ კი დავიწყებთ აღდგენას. რამდენიმე საათში მოვრჩებით დაზიანების შეკეთებას, შემდეგ რამდენიმე საათი დასჭირდება სისტემას წყლის შესავსებად და ველოდებით, რომ საღამოდან წყალმომარაგებას გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორის მოადგილემ.
კომპანია „რედკოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო, კომპლექსი ტურისტებმა დატოვეს.
„მე არაფერს გამოვრიცხავ. ფაქტია, ახალი წლის დღეებში, როდესაც ყველაზე მეტი ტურისტი იყო ჩამოსული, ამ პერიოდში 31 დეკემბრიდან დღემდე წყალი, რომელიც აუცილებელი არის მოხმარებისთვის, იმისთვის რომ უბრალოდ საყოფაცხოვრებო პირობები გქონდეს, არ არის. შესაბამისად უამრავი ტურისტი წავიდა, სეზონი ჩავარდა. ის ფული, რომელიც უნდა დახარჯულიყო ქვეყანაში, აღარ დაიხარჯა. ის იმიჯიც, რომელიც შევქმენით ტურისტებისთვის, გახდა სავალალო, თავი რომ დავანებოთ ბიზნესი რამხელა ზარალს იღებს ამ სიტუაციიდან. ამიტომ ეს რისი ბრალია ამაზე უნდა იქნეს პასუხი გაცემული, უნდა იქნეს შესწავლილი, ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი დაზიანება როგორ აღმოჩნდა ქსელზე.
ჩვენ მუდმივად ვიღებთ დაპირებას ასეთ რეჟიმში, რომ ძალიან მალე იქნება წყალი. ჩვენც შესაბამისად ვაწვდით ტურისტებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ყველა ეს ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია აღმოჩნდა მცდარი. შესაბამისად, მათი მხრიდან ნდობის ხარისხი აღარ არის და ისინი ტოვებენ კურორტს. განსაკუთრებით რთულია ეს ყველაფერი აუხსნა უცხოელ ტურისტს, რომლებიც მრავლად გვყავდა, რასთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში მათ მიზეზიც აღარ აინტერესებთ, რადგან როდესაც ტუალეტს ვერ გამოიყენებ და წყალს ვერ გადაივლებ ამდენი ხანი იქ ყოველგვარი ახსნა ზედმეტია. ახლაც გვპირდებიან, რომ დღის განმავლობაში აღდგება წყლის მიწოდება, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება“, – განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.