„მწვანე სკოლაში“ კრიმინალური პოლიცია მივიდა. სკოლამ, მათ, ბავშვის სახელი, გვარი და ყველა ინფორმაცია დაახვედრა“ – ადვოკატი

15 წლის მოზარდზე განხორციელებული ზეწოლისთვის დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი აცხადებს, რომ „მწვანე სკოლიდან“ 112-ში ინფორმაცია ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით შევიდა, რის შემდეგაც, სკოლაში კრიმინალური პოლიცია მივიდა.        

როგოც გაგი მოსიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სკოლაში პატრული არ მისულა, რადგან შეტყობინება ქონების დაზიანებას ეხებოდა.

„მთავარი არის ისა, რომ უდანაშაულო ადამიანია დაპატიმრებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, ჩვენ მზად ვართ სამართლებრივი ბრძოლისთვის. მნიშვნელოვანია იცის, რომ ამ მრავალტომიან საქმეში, მარიანა ჩოლოიანის დაკავების მიზეზი გახდა მხოლოდ ერთი ჩვენება. თუმცა, მნიშვნელოვანია სკოლის თემაც. „მწვანე სკოლიდან“ 112-ში დღის 11:00 საათზე დაირეკა. აღნიშნული საქმე კი გამომძიებელ ჩოლოიანს დაეწერა. რადგანაც ზარის შინაარსი ეხებოდა ქონების დაზიანებას, სკოლაში კრიმინალური პოლიცია მივიდა. ეს ჩანს იმ საქმის მასალებიდან, რომელიც მე გადმომეცა“ – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, სკოლა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს საკმაოდ მომზადებულები დახვდნენ და არასრულწლოვნის შესახებ ყველა ინფორმაცია მიაწოდეს.

„სკოლის მხრიდან მოხდა სრული  ინფორმაციის მიწოდება პირის იდენთიფიცირებით, რომ, ეს ქმედება განხორციელებულია ამ ა და ამ პიროვნების მიერ. სათვალთვალო კამერიდან ვიდეო ამოიღო სკოლამ, მოახდინა იდენთიფიცირება და დაახვედრა გამზადებული მასალები პოლიციას. ეს იყო სრულყოფილი ინფორმაცია“ – აღნიშნა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.  

მსგავსი თემები