რუსეთის მხარდამჭერ ბალერინას ლიეტუვას მოქალაქეობა ჩამოერთვა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც რუსეთისა და პუტინის მხარდამჭერ ბალერინას, ილზე ლიეპას, ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

ილზე ლიეპამ, რომელიც რუსეთში გაიზარდა, ლიეტუვას მოქალაქეობა, პროფესიიდან გამომდინარე, “გამონაკლისის სახით” 2000 წელს მიიღო. ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცეკვავდა ლიეტუველ ბალეტის სოლისტ პეტრას სკირმანტასთან.

ლიეპას მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა, “სახელმწიფოს დისკრედიტაციის” გამო, 2023 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. მანამდე მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაურინას კასციუნასმაც განაცხადა.

კანონის თანახმად, პირს, რომელმაც გამონაკლისად მიიღო მოქალაქეობა, შეიძლება ჩამოერთვას ის არა მხოლოდ იმ ქმედებების გამო, რომლებიც ემუქრება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ის საჯაროდ გამოხატავს მხარდაჭერას სახელმწიფოსთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვას.

ლიეპასთან ერთად ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოერთვა ბიზნესმენ იური კუდიმოვს, რომელიც “ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა.”

მსგავსი თემები