თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს

თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს პოტენციური ლოკაციები სტადიონის ასაშენებლად, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური საკითხები. კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებსაც ახალი სტადიონი საერთაშორისო, მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობისთვის უნდა აკმაყოფილებდეს. მთავრობის მეთაურმა  ინფორმაცია  ამ საკითხზე ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციების პრეზიდენტებისგან მოისმინა. სხდომაზე ასევე განიხილეს პროცესში უეფას წარმომადგენლების ჩართვის ინიციატივა.
 

მსგავსი თემები