იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამტკიცდა იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაზიანებისგან დაიცავს.
პრემიერის შეფასებით, ეს გეგმა საჭიროა სტიქიური განვითარებების თავიდან ასაცილებლად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად და დასახლებული პუნქტების კანონზომიერად  განვითარებისთვის.

საქართველოს მთავრობის მეთაური გუშინ თელავში იმყოფებოდა, სადაც პარტია “ქართული ოცნების” თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე შეკრებილ მოქალაქეებს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ სოფელი იყალთო მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ – აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე, თელავიდან 7 კილომეტრში. სოფლის მახლობლად დგას იყალთოს სამონასტრო კომპლექსი – ფერიცვალების ეკლესია, იყალთოს სამება, სამეკლესიიანი ბაზილიკა, იყალთოს აკადემია, რომელიც დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.

ეკლესიათაგან მნიშვნელოვანი ძეგლია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება” (აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. სოფელშია ასევე წმ. სტეფანეს ეკლესია მე-6 საუკუნის, ნათლისმცემლის (XVII-XVIII სს) და მთავარანგელოზის ეკლესიები (XVII-XVIII სს.).

მსგავსი თემები