საქართველოს კურსი უცვლელია – ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი უცვლელია – ქვეყნის ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან.

„მინდა, მივმართო ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი: მოდით 29 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე. 20:00 საათზე დაიწყება ოფიციალურად ღონისძიება.

შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი დღისთვის. მოდით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ მთავარი და უმთავრესი არის სამშობლო – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული შეკრების დისკრედიტაციას შეგნებულად ეწევიან.

„ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, მოვიდეს აქციაზე და მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და გაძლიერებას. ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, საჯარო მოხელეებსაც კი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები