ბაჩიაშვილი „კრიპტოვალუტის საქმეზე“: გამოძიების საფუძველი ივანიშვილის ზეპირი ჩვენებაა

ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას საფუძვლად უდევს მხოლოდ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ზეპირი ჩვენება.

„დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, იმიტომ რომ ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

უფრო ადრე, სასამართლო სხდომაზე ის მოსამართლე ნატო ხუჯაძეს არწმუნებდა, რომ კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში თავისი პირადი და ინვესტორის თანხები კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ჩადო.

„ფულის გათეთრება ჩემთვის აბსურდულია. გაკვირვებული, გაოგნებული ვუსმენ – სრულიად ლეგალური საქმიანობა ისე აღწერა [პროკურორმა], თითქოს რაღაცას ვმალავ“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

მორიგი სხდომა 8 აპრილს გაიმართება.

მსგავსი თემები