თელავის “ძველი გალავანი” მხატვრულად განათდება და ღია ცის ქვეშ მუზეუმი მოეწყობა 

​ქალაქ თელავში, ზუზუმბოს ტერიტორიაზე, სადაც გვიან ბრინჯაოს პერიოდის ძვ.წ.აღ. XIV-VIIIსს-ის არქეოლოგიური მასალა – ბრინჯაოს სამაჯური, რკინის ისრის პირები და 12-მდე ამავე პერიოდის კერამიკული ნივთია აღმოჩენილი, ღია ცის ქვეშ მუზეუმი მოეწყობა. აღნიშნული ტერიტორია დაკონსერვდა. ზუზუმბოს, დაბახნების, ყადორის და მაწანწარის ტერიტორიაზე 17 000 ლარის სატენდერო ღირებულების სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება.

2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში მდებარე ყორჩიბაშიშვილების ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯს. პროექტზე 5 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, შესყიდულია პროექტი, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დაზვერვითი სამუშაოებისას გამოვლენილი გალავნისა და გვირაბის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებისთვის.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თელავის მერიაში განუცხადეს, “ძველი გალავნის” ტერიტორიაზე მხატვრული განათება მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებლად. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტით განსაზღვრულია – 10 000 ლარი.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სადაზვერვო სამუშაოები სოფელ თეთრწყლებში მდებარე „კუნტუსის ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე ჩასატარებელი სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებისთვის. პროექტის ღირებულება შეადგენს 16 700 ლარს.

ქალაქში, არქეოლოგიის და ძეგლთა დაცვის მიმართულებით 2018 წელს ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, დაბახნების ტერიტორიაზე გამოვლინდა ქვედა ციხის გალავნისა და კოშკების ნაშთები, რომლებიც სავარაუდოდ უნდა წარმოადგენდეს IV-VII საუკუნეებს. აღმოჩენილი მასალების მიხედვით, თელავის ისტორია დღემდე უცნობი კულტურული მემკვიდრეობით გამდიდრდა.

ასევე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის მიზნით, გადაიხურა გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტი – საერთო თანხით 10 000 ლარი. გაიწმინდა „ძვ. აბანოს“ მიმდებარე ტერიტორია.

 

მსგავსი თემები