კრიმინალების შეფარება აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში “არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას”.

,,უკრაინას რაღაც მიზეზი მაინც აქვს, ომის სახით, რომელიც შეუძლია ქართველი კრიმინალების საკითხში ჩაუღრმავებლობის საბაბად მოიტანოს. მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ მათ მიმართ კეთილი ნება გამოავლინოს.

ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი „9 ნაბიჯის“ მთავარი აქცენტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით შეხვდა ამ ჩანაწერს. მაგრამ რა არის ადეიშვილის მიღება ევროპის მაღალ დიპლომატიურ დონეზე, თუ არა დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი? როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?

ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე მოძალადე კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ”, – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მარტს, საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით გერმანიასა და ბელგიას მიმართა.

მსგავსი თემები