ოკუპირებულ გალში მოკლული თემურ კარბაიას საქმეზე მესამე პირი ზუგდიდში დააკავეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე მესამე ბრალდებული თ. კვეკვესკირი, ზუგდიდში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, კვეკვესკირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 236-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული.

თემურ კარბაიას საქმეზე 12 თებერვალს, ორი “მილიციელი” დააკავეს.

შეგახსენებთ, 2023 წლის 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

კარბაიას მკვლელობაზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები