გახარიას პარტიამ 150-მდე საჩივარი დაწერა

17:00 საათის მდგომარეობით საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, 17 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი.

„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მოსყიდვის ფაქტებზე, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რისი ამსახველი არაერთი ვიდეომასალა უკვე გავრცელდა მედიასაშუალებებშიც მათ შორის.

• სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე (დევნილთა დასახლება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არიგებს ალკოჰოლურ სასმელს.

• განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ, ხაზს ვუსვამ – სისტემურ ხასიათს ატარებს – კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც გადასატანი ყუთი უბნებზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.

• ასევე, დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ, უბანზე განმეორებით ხმის მიცემის ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმები წინასწარ არის შევსებული, რაც კანონის უხეში დარღვევაა. იყო შემთხვევები, როდესაც უბნებზე დაფიქსირდა დისბალანსი –  გაცემულ ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას შორის“ – აღნიშნა ბუჩუკურმა.  

მსგავსი თემები