,,დიახ, კითხვის ნიშანია” – ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ნავალნი არ არის. ის ციხეში არის იმის გამო, რასაც აკეთებდა პრეზიდენტობის დროს და არა როგორც დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტი, – ამის შესახებ BBC-ის ეთერში, სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

,,ვფიქრობ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა იყოს თუ არა ის ციხეში, ეს ქართველი მოსამართლეებისა და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კი თვლის, რომ პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი აჭარბებდა უფლებამოსილებებს და სწორედ ამიტომ არის ის ციხეში. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარეს, მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, როგორ მიდის მისი მკურნალობა და როგორია მისი მდგომარეობა”.

ჟურნალისტი: ამბობენ, რომ მას აწამებდნენ და ის მოწამლეს. გჯერათ ამისი?

ზურაბიშვილი: არა, არ მჯერა.

ჟურნალისტი: თქვენზე ზეწოლა იყო, რომ ის შეგეწყალებინათ.

ზურაბიშვილი: დიახ, იყო და მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება, მით უფრო გართულდება ეს ამბავი. იმიტომ რომ მე ვერ დავუშვებ, რომ დისკრეციული უფლება, რომელიც პრეზიდენტს ეკუთვნის რაიმე სახის ზეწოლის ქვეშ მოექცეს. შეწყალების უფლება არის ჩემი მორალური გადაწყვეტილება და მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას ისე, რომ წინასწარ არავის გავაფრთხილებ.

ჟურნალისტი: თქვენ ერთხელ თქვით, რომ არ შეიწყალებდით მას, შემდეგ კი თქვით, რომ მის შეწყალებაზე უარს არ ამბობთ. გამოდის, რომ კითხვის ნიშანია.

ზურაბიშვილი: დიახ, კითხვის ნიშანია.

ჟურნალისტი: საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა თქვა, რომ სააკაშვილის სიკვდილი ციხეში იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის. ეთანხმებით.

სალომე: მე არ ვფიქრობ, რომ ის ციხეში მოკვდება და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე არ მოხდეს. რადგან ვეთანხმები მაკფოლს, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი დარტყმა საქართველოს რეპუტაციაზე. ამავე დროს, მისი ექსტრადირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

ჟურნალისტი: შეიძლება, რომ ეს მოხდეს?

ზურაბიშვილი: შესაძლოა.

მსგავსი თემები