„სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა“ – კალაძე

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის კითხვას, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდება.

„რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, მასაც კარგად ესმის, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს სააკაშვილის შეწყალება პირადად მისთვის, რადგან ამ ადამიანს თავის ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, უცხოელების მოწოდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართით, გაათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, ლობიზმის ნაწილია.

„რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს,  ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა, რომელიც შენიღბულია ლობიზმით. იხდიან ფულს, რითაც შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ განცხადებების გაკეთება, შეიძლება სისულელეები ილაპარაკონ, მაგრამ მთავარია, ფული აიღონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები