„ლელო“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი” – შალვა პაპუაშვილი

„ლელო“ რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას 1000 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე.

პაპუაშვილის თქმით, „ლელო” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მებრძოლები გაეგზავნა და საზღვრები ჩაეკეტა.

„არათუ ეკონომიკურად შეუძლებელია [1000 ლარიანი პენსია], „ლელო“ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, გვახსოვს მაშინ რა მოთხოვნები ჰქონდათ – ისინი ითხოვდნენ, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაგვეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოგვიწოდებდნენ, რომ ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ. „ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. დღეს გვექნებოდა არა აშენებული გზები და მაგისტრალები, არამედ გვექნებოდა დანგრეული და აფეთქებული ხიდები, გაუბედურებული ოჯახები, სიკვდილი და ეკონომიკური კრიზისი. ეს იქნებოდა „ლელოს“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგი. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ, პირადად ჩვენ მოგვიწოდებდნენ და შეხვედრებზე გველაპარაკებოდნენ, გაგვეგზავნა უკრაინაში მებრძოლები, ჩაგვეკეტა საზღვრები. ეს არის პირდაპირი გზა ომისკენ რუსეთთან. ეს არის სინამდვილეში „ლელოს“ საარჩევნო პროგრამა. ერთადერთი, რაც სლოგანი უნდა დააწერონ საარჩევნო პროგრამას, არის „ომი საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები