„ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო?“ – ვაშაძე ღარიბაშვილს  

„ქუთაისში რომ ჩახვალ, ქალაქი დაცლილია, ქუთაისელებს რა უნდა უთხრა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო?“ – ასე მიმართავს გიორგი ვაშაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დღეს რეგიონების შემოვლა დააანონსა.

„ალბათ, თქვენთვისაც ძალიან მძიმე იყო მოსასმენად ირაკლი ღარიბაშვილი, ისევე როგორც ჩემთვის. საშინელი სიძულვილის ენა, საშინელი რიტორიკა, რომელიც მისგან მოდის. არაფერი იმაზე, რაც ხალხს უჭირს, როგორ აპირებენ სამუშაო ადგილების შექმნას, როგორ აპირებენ უპასუხონ იმ ადამიანებს, ვინც იძულებულია ქვეყნიდან წავიდეს, არანაირი სინანული იმასთან დაკავშირებით, რაც ხალხს ნამდვილად აწუხებს, მხოლოდ სიძულვილი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

რეგიონებში უნდა წავიდეო, ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? აი, მაგალითად ქუთაისში რომ ჩახვალ, ქალაქი დაცლილია, ქუთაისელებს რა უნდა უთხრა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი? არ უნდა ისაუბრო, თუ რატომ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში? რატომ უწევთ გასვლა ქვეყნიდან? ან მაგალითად, ზუგდიდში რომ ჩახვალ, რა უნდა უთხრა ზუგდიდელებს? ისევ ხალხი უნდა დააპირისპირო ერთმანეთს? ან კახეთში, ნებისმიერ რეგიონში, რაჭა- ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთში, თუნდაც, თბილისში რომ დაელაპარაკები თქვენ მიერ ორგანიზებულ ადამიანებს, ეს სიძულვილი უნდა ანთხიოთ?“  -აცხადებს ვაშაძე.

როგორც პრემიერმა დღეს განაცხადა, ის 10 რეგიონში ჩავა, მოსახლეობას შეხვდება და პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

 

მსგავსი თემები