„ჯაბა სამუშია ცდილობს სამართლიანი პროტესტის გაშავებას” – სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით, რექტორი სამართლიანი პროტესტის გაშავებას ცდილობს და პროკურატურის პოზიციას იკავებს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„შემიძლია განვაცხადო, რომ ჯაბა სამუშია მიზანმიმართულად ცდილობს „მაისის სტუდენტური მოძრაობისა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სამართლიანი პროტესტის გაშავებას და შესაბამისად, ის იკავებს პროკურატურის პოზიციას. დღეს ისეთი სამარცხვინო ადმინისტრაცია არის უნივერსიტეტის მმართველობაში თავის რექტორთან ერთად, რომ მან სწორედ დაუშვა, რომ სტუდენტები უნივერსიტეტიდან გამოაძევონ ძალის საშუალებით. გრძელდება კანცელარიის ტერიტორიის დაკავება და აქციას ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად გავაგრძელებთ”, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ცნობისთვის, უკვე ორი დღეა სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ბლოკირებული აქვთ. ისინი გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სტუდენტების აქციას დღეს გამოეხმაურა უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია, რომელმაც ახალგაზრდებს თსუ-ს პატივისცემისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები