,,მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს”- კალაძე

“მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული.

„დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, ეს არახალია, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ამ კომპანიებმა ვადის გადაწევაზე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი. უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს. ახლა მიმდინარეობს შერჩევა. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 16 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.

მსგავსი თემები