,,2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული იყო” – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული იყო, თუმცა კიდევ უფრო გამორჩეული იყო 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.

,,2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 6 მილიონს მიაღწია. პანდემიამდელი მგზავრთნაკადი აღდგა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყო ის გამონაკლისი გასულ წელს, სადაც მგზავრთა რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. 2023 წელს, არსებობის მანძილზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 700 მდე მგზავრს. რაც იმის საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 2024 წელი ქუთაისის აეროპორტისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება და საკუთარ რეკორდს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.

მსგავსი თემები