„ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ჩვეულებრივი სეზონია“ – პაატა იმნაძე

,,ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ჩვეულებრივი სეზონია”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველ არხს განუცხადა.

„კორონას პერიოდში, ჭარბობდა კორონავირუსი და შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასიურად ტარება ვირუსების გავრცელებასაც უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ.

ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია, ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია.

რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსებიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა. ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ შეიძლება, გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. სამწუხაროდ, ყველაზე უფრო მძიმე კორონას პერიოდი იყო, მძიმე გამოსავლებით. ნიღაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც ავად არის, ატაროს, რათა არ გაავრცელოს ვირუსი. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.

„გრიპის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ადამიანი სეზონის დროს იცრება, ვაქცინა დაუყოვნებლივ არ იძლევა იმუნიტეტს, დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. დღეს რომ ვაქცინა გაიკეთო და ხვალ გრიპი დაგემართოს, ვაქცინის ბრალი არ იქნება, რადგან მან ვერ მოასწრო მუშაობა. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებს, მოხუცებს, ორსულებს, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები და პატარა ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპი, მათთვის აუცილებელია აცრა, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები