პუტინი არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს

რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი პუტინი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს. ინფორმაციას პარტია ,,სამართლიანი რუსეთის” ლიდერი, სერგეი მირონოვი ავრცელებს.

მისი თქმით, პუტინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს არც როგორც “ერთიანი რუსეთის” და არც “სამართლიანი რუსეთის” კანდიდატი, არამედ შეგროვდება ხელმოწერები მისი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად.

,,ერთიანი რუსეთის” გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პარტია ასევე მიიღებს მონაწილეობას ხელმოწერების შეგროვებაში. ყრილობა ხვალ, 17 დეკემბერს არის დაგეგმილი, რომელიც ტურჩაკის თქმით, პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატურას ერთხმად დაუჭერს მხარს.

ცნობისთვის, პუტინმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ ისევ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მანამდე მან ოთხჯერ იყარა კენჭი – 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში.

მსგავსი თემები