,,ესაა ჩვენი პასუხი რუსეთს, ესაა ჩვენი პასუხი ოკუპაციას” – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

,,ესაა ჩვენი პასუხი რუსეთს, ესაა ჩვენი პასუხი ოკუპაციას”, – ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს და მათ ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ულოცავს.

,,გილოცავთ, ჩემო თანამემამულეებო, აქ საქართველოში და თქვენ, ვინც საზღვრების მიღმა, დღეს იქ ხართ და იქიდან გვიყურებთ. გილოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მაცხოვრებელს, რამეთუ, ერთი რამე ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა.

გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა. ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და წინსვლისთვის იბრძოდნენ და სიცოცხლე შესწირეს. ეს დღე აუცილებლად ილიასია, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა. მაგრამ ეს დღე ასევე აკაკისია, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან საბასი, ერეკლესი… არ შემიძლია ყველა ჩამოვთვალო, ეს დღე არის ჩვენი ყველასი ერთად, ვინც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო ყოფილიყო იმ ცივილიზებულ ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა. ჩვენი კულტურის და ჩვენი იდენტობის საფუძველზე ეს დღე ზვიადის და მერაბისაა. ეს დღე ასევე ზურა ჟვანიასია, და ყველა ამ ქვეყნის მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.

მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვა ლხინში და ჭირში, ომის და ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე. რამეთუ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი დაცულობის, ჩვენი მშვიდობის და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა.

სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის და ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება. ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო. და ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემხვერპლა, ყველას დღეა, რამეთუ ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და ჩვენი მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები