ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია.

სამინისტროს ცნობით, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია.

,,გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, საზღვარგარეთ, მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები,
რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ვერ უზრუნველყო, არ დასტურდება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის, ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის წამყვან კლინიკებში სრულ მკურნალობას. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში, 13 ოჯახია ჩართული. სამი ბავშვი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ესპანეთის და
თურქეთის კლინიკებში, ოთხ ბავშვთან დაკავშირებით კი კლინიკებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინიც, უახლოეს დღეებში, დაიწყებენ მკურნალობას, საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
ხაზგასასმელია, რომ არცერთი ბავშვი საჭირო სერვისის გარეშე არ დარჩენილა.

საჭიროების შემთხვევაში, ოჯახმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. სახელმწიფო მზად არის, სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ყველა სამედიცინო მომსახურება როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები