,,უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი” – კალაძე

თბილისის მერიის ცნობით, კახი კალაძე “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სონგ ჩაოჰუას და სიჩუანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს “აბრეშუმის გზის” მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ინვესტიციები, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ტურიზმი და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები.

,,ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების.

2022 წელს ჩვენ აღვნიშნეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მზარდი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება. 2022 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის „პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხიც”, – თქვა კალაძემ.

მსგავსი თემები