,,ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება”- მათიკაშვილი სამნიძის განცხადებაზე

ხათუნა სამნიძემ აღიარა ის, რაზეც არაერთგზის ვსაუბრობდით და რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ვამხელდით, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებას.

მისი თქმით, სამნიძის განცხადება ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადებაა.

„ხათუნა სამნიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელ თავის საქმიანობას ანდომებენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, ხალხს უმტრონ. ისინი დადიან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს აწვდიან ტყუილ ინფორმაციას და საკუთარ სურვილებს, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სწორედ ეს არის მათი მიზანი და ამით სურთ, ვითარება გაამწვავონ, აადუღონ მდგომარეობა საზოგადოებაში, მათ თავზე მოახვიონ მცდარი განცდები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და შემდეგ ამით ისარგებლონ, მღვრიე, ბინძურ წყალში დაიჭირონ თევზი. ისინი ამას ვერ ეღირსებიან.

სამნიძის აღიარება არის  სრულყოფილი აღიარება, თუმცა ეს არ არის პირველი. ახლახან ჩვენ მოვისმინეთ ცალკეული დეპუტატებისა და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს მათ პოლიტიკურ, ბინძურ, დესტრუქციულ ინტერესებში არ შედის. ცხადია, ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება და პირდაპირი დასტური იმისა, რაზედაც ჩვენ, ხელისუფლება არაერთგზის ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი თემები