რუსეთმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე ,,უცხოელ აგენტად” გამოაცხადა

რუსეთმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, კუნაძე ,,ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების, პოლიტიკისა და რუსული არმიის ქმედებების შესახებ და სისტემურად მონაწილეობდა, როგორც რესპონდენტი უცხოური სტრუქტურების საინფორმაციო პლატფორმებზე“.

ცნობისთვის, გიორგი კუნაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 1991–1994 წლებში იკავებდა. შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში იყო რუსეთის ელჩი სამხრეთ კორეაში, 1997-1999 წლებში იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1999 წლიდან კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IMEMO) მთავარი მკვლევარი.

კუნაძის გარდა „უცხოელი აგენტების“ რეესტრს დაამატეს ჟურნალისტი ილია კოსიგინი და პოლიტოლოგი მიხაილ სავვა. კოსიგინი ვლადიმირში დაფუძნებული გამოცემის, „დოვოდის“ მთავარი რედაქტორია. გამოცემა რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინაში დაღუპული ვლადიმირელი სამხედროების შესახებ.

მიხაილ სავვა კი ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც მუშაობს ეთნიკურ კონფლიქტებსა და ეთნიკური ურთიერთობების პრობლემებზე.

მსგავსი თემები