,,დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება”- სალომე ზურაბიშვილი

,,დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას,  მის ევროპულ მომავალს,”- ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  ამ პროცესით მას ვერაფერს დააკლებენ.

,,მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას,  მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.

არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში წყდება ამ ვითომც და ,,ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე“ .

აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით)  გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ რა ტერმინებით შეგამკობენ თვქენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები