,,ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს” – ილია დარჩიაშვილი

„დღეს მქონდა შესაძლებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმეღო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგენი, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა. დავგეგმეთ ძალიან აქტიური და დინამიკური ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო”. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა არის ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტი. გამოვხატეთ მზაობა, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ აქტიურად რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გავხადოთ აქტუალური“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას.

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი ელჩის ძალისხმევა, მისი პერსონალური ჩართულობა ამ ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს“, – აღნიშნა საქართველოს პირველმა დიპლომატმა.

მსგავსი თემები