“საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ ვერ დაამშვიდა დაძაბულობა” – მეუფე გრიგოლი

“სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და არსებული დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ (27.04.2024.)”- ნათქვამია მეუფე გრიგოლის  მიერ გავრცელებულ მიმართვაში. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ამბობს, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადება მედიასა და საზოგადოებაში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული. მეუფის თქმით, ის არ გამოხატავდა კათალიკოს პატრიარქის და სინოდის წევრების პოზიციას.

“სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და არსებული დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ (27.04.2024.), რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი: „განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში,“ რაც არაერთგვაროვნად იქნა აღქმული, რადგან მედიამ და საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს განცხადება ჩათვალა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებად, ხოლო სინამდვილე კი ის არის, რომ ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება და არა საპატრიარქოს განცხადება, ეს არ იყო არც კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება, და, მით უმეტეს, არც წმიდა სინოდის განცხადება, რომელიც აყალიბებს ეკლესიის კრებსით აზრს და პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ძვირფასო ძმებო და დებო, შვილებო! საქართველოს კონსტიტუცია თქვენ ნამდვილად განიჭებთ პროტესტის გამოხატვის უფლებას, და ამაში ვერავინ შეგეკამათებათ, თუმცა, აქვე გთხოვთ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მშვიდობიანი სულისკვეთება, რათა გასაქანი არ მისცეთ იმ ემოციას, რამაც შესაძლოა ძალადობისკენ უგიბიძგოს ადამიანს; თქვენ ისეთ ღირებულებებს დეკლარირებთ, რომ არა თუ შეურაცხყოფა ვინმესი, არა თუ შეგინება, არამედ დიდი შინაგანი რწმენა, სიმშვიდე და მოთმინება გჭირდებათ.

უფალი ბრძანებს, „ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ“ (ლკ.11,9-10).
იოანე ოქროპირი ამბობს, – შენ აუცილებლად მიიღებ, თუ მხოლოდ იმას ითხოვ, რისი მოცემა ღვთისათვისაც სასურველია და შენთვისაც მისი მიღება სასარგებლოა.

პატივცემულო პარლამენტის წევრებო, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებო!
ჩვენს თვალწინ მატულობს საზოგადოებრივი პროტესტის დუღილის ტემპერატურა და არავინ არის დაზღვეული გადაცდომისა თუ შეცდომისგან; თქვენ, რა თქმა უნდა, თმენის განსაკუთრებული ვალდებულება გაქვთ, თუმცა გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივი ადამიანები ბრძანდებით და არც თქვენ ხართ დაზღვეული (ადამიანური ემოციებიდან გამომდინარე!) გადაცდომისგან. უაღრესად მტკივნეულია, როცა ყველა მოღალატეს ეძახის საპირისპირო პოზიციის ადამიანს; ნუთუ ეს არის საქართველო?!
წინა თაობებთან ერთად, უშუალოდ თქვენი დიდი შრომაც არის იმ პერსპექტივის მშენებლობაში, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული?! ნუ გავხდით სათუოდ ამ მონაპოვარს, და მოსაპოვებელს! ხალხი უფრო დაგაფასებთ, ხოლო თქვენი თაყვანისმცემელნი კი უფრო მეტად იამაყებენ თქვენით; ჩვენ, ყველას გვაერთიანებს მამული, ენა და სარწმუნოება?! მაშ დავეთანხმოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ ტრიადას:
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!

ნუ ჩათვლით ჩემს სიტყვას დიდაქტიკურ შეგონებად, არამედ მიიღეთ როგორც თხოვნა ერთი თქვენი თანამემამულისა და თანამოქალაქისა.
გავუფრთხილდეთ ადამიანს, ერთად ვიზრუნოთ სამშობლოზე და თაყვანი ვცეთ ღმერთს, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა“, – ნათქვამია მეუფე გრიგოლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

„ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს“ – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები