საელჩოში სამი ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში – ლაშა ჟვანია

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში, 24 საათის განმავლობაში ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ თელ-ავივიდან თბილისი მიმართულებით 5 რეისი შესრულდა, დღეს კი 4 რეისია დაგეგმილი.

,,გუშინ თელ-ავივიდან თბილისი მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. ამ რეისებზე, ძირითადად,  საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება.  დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული. და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სადმე თავშესაფარი და ღამის გასათენებელი, არ ყოფილა. პრაქტიკულად ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას.

მდგომარეობა ისრაელში, ზოგადად, არის მშვიდი. მე ვგულისხმობ ისრაელის ცენტრს. დღეს 4 რეისი არის თბილისის მიმართულებით. ამ დილას ადრე შესრულდა რეისი, ერთი რეისი სრულდება 5 საათზე, გადაიდო რამდენიმე საათით, არ გაუქმებულა. ასევე, საღამოს იქნება აირზენას რეისი, ისევე როგორც ხვალ და ზეგ.

ბილეთები, როგორც ჩვენც თავად შევამოწმეთ, ინტერესი რადგან დიდია, ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, არის 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც წესი, ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ დავუშვათ საქართველოში გამომგზავრებას და უკვე ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი ოჯახები აუქმებენ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, შეიძლება ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე.

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში, 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია.

​თუკი ვინმეს სჭირდება რაიმე დახმარება, თავშესაფრის, ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად კონსულტაციებსაც ვაძლევთ და ეფექტურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ,” – აცხადებს ჟვანია.

მსგავსი თემები