უმრავლესობამ ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო

კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გაიტანა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას. პროექტით წესრიგდება პირის ოლიგარქად ცნობასთან, ოლიგარქთა რეესტრთან და ოლიგარქად ცნობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებლის განცხადებით, ეს არის ფორმალური წარმოდგენა, რომ კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შევთანხმდით, რომ კანონის გზით შესაძლებელია ეს საკითხი არ დარეგულირდეს და მთავრობის მეშვეობით ახლო პერიოდში დამტკიცდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე კონსულტაციის შედეგად იქნება დამტკიცებული, შესაბამისად ჯობს საკითხი სწორედ ამ ფორმით დარეგულირდეს.

ჩვენი „ნოუჰაუ“ არ ყოფილა საკითხის ამ ფორმით მოწესრიგება, ჩვენ თავიდანვე ვიყავით იმ პრინციპის ერთგული, რომ თავად ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან იყო მოწონებული უკრაინაში ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ჩვენ გავყევით სწორედ ევროკავშირში აპრობირებულ გზას, ევროკავშირის მიერ მოწონებულ მიდგომას. თუმცა, რადგან არის შემოთავაზება ვენეციის კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან კონსულტაციის შედეგად რომ ეს საკითხი კანონის გზით არ მოწესრიგდეს და დარეგულირდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმით, გთავაზობთ, რომ ამ საკითხს კენჭისყრის დროს მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შესაბამისად კენჭისყრის დროს პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

მსგავსი თემები