სოფელ ოძისის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე კოლია კალაშნიკოვია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული და ტყვეობაში მყოფი მოქალაქე 22 წლის კოლია კალაშნიკოვია. ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ინციდენტი სოფელ ოძისთან გუშინ მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და გააქტიურა ევროკავშირის ცხელი ხაზი.

ადგილობრივებმა მხოლოდ ის იციან, რომ კალაშნიკოვების ოჯახი რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში გაემგზავრა, თუმცა როგორ აღმოჩნდა კოლია კალაშნიკოვი სოფელ ოძისში მათთვის უცნობია.

,,რუსი ოკუპანტები აგრძელებენ თავის აგრესიას, გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაცია, სანგრების გათხრის პროცესი საგუშაგოებზე, რომლებიც მდებარეობენ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში”, – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი თემები