,,ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა ჩემი დაჯილდოება” – ნიკა გვარამია

“ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა ჩემი დაჯილდოება. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც”. ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

,,იშვიათად ვყოფილვარ ცხოვრებაში ასეთი აღელვებული, ბედნიერი. ჩემთვის, ჯილდო, რომელიც მომენიჭა, ეს არის რადას ერთადერთი მედალი, რომელსაც რადას თავმჯდომარე გადასცემს და მას ჰქვია “დამსახურებისთვის უკრაინელი ხალხის წინაშე”. მე პირველი ქართველი ვარ, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა და ძალიან ამაყი ვარ. თუმცა, მგონია, რომ ეს ჯილდო მარტო მე არ მეკუთვნის, ეკუთვნის ჩემს არხს და ეკუთვნის ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც ნამდვილად ბევრს აკეთებს უკრაინელი ხალხისთვის და საერთოდ, ამ ბრძოლაში უკრაინელების და ცივილიზაციური სიმართლის გამარჯვებისთვის. მთელი ქართული მედია ამისთვის იბრძვის და მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ამაში შეტანილი.

მე აქ მომიწვიეს დამოუკიდებლობის დღეს ამ ჯილდოს გადასაცემად და ეს ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ სწორედ ამ დღეს მოხდა ჩემი დაჯილდოება. უკრაინამ უბრალოდ არ უნდა გაუძლოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს ასეც იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვებაც და მთელი ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება. საქართველოც იბრძვის ამ ომში, ქართველებიც იბრძვიან ამ ომში და, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ზუსტად ეს ბიჭები მატებენ ღირსებას და თუ ვინმე იმსახურებს რაიმენაირ ჯილდოს უკრაინელი ხალხისგან, სწორედ ჩვენი სამხედროები არიან, დაღუპულებიც და ისინიც, ვინც დღემდე იბრძვიან და მინდა, მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო და წარმატება ამ ომში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები