,,რუსეთი არის ბენზინგასამართი სადგური ატომური ბომბით” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს და რომ მას მსოფლიოში ისეთივე წონა არ აქვს, როგორც ჩინეთს.

დიპლომატმა ესპანურ გაზეთთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაწყვიტა, “თითქმის ყველაფერში შეცდა.”

“პუტინი აპირებს მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი და არმია. პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის და ამიტომაა ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება”, – განაცხადა მან გამოცემა El Pais-თან.

ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა და მის გამოწვევებზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია.

“უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები