მესტიაში დღეს რამდენიმე ასეული ადამიანის ტესტირება ჩატარდება

ჩაკეტილ მესტიაში მოსახლეობის ტესტირება ინტენსიურად მიმდინარეობს. გუშინ დაახლოებით 900 ადამიანი შემოწმდა. წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია.

რამდენიმე ასეული ადამიანის ტესტირება ჩატარდება დღესაც. კარანტინში მესტიიდან უკვე გადაყვანილია დაახლოებით 300 ადამიანი. დღეისთვის კი იზოლაციაში 200-მდე პირის მოთავსებაა დაგეგმილი.

არ არის გამორიცხული საჭირო გახდეს მესტიაში დამატებითი საკარანტინო სივრცეების მოძიება.

“როდესაც ბიოლოგიური ნიმუშები ავიღეთ, ამ პერიოდში გზაზე მეწყერი ჩამოწვა, ამიტომ ბიოლოგიური მასალის გადმოტანა ცოტა შეფერხდა. ის 20 სასტუმრო, რომელიც საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული ფაქტობრივად გადავსებულია, ამიტომ შესაძლოა გახდეს საჭირო სხვა სასტუმროების დამატებაც,”- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი.

ეპიდემიოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ქმედებების შედეგად მესტიაში ვირუსის გავრცელების პრევენცია დროულად მოხდება და მოსახლეობას მიმდინარე პროცესში ხელშეწყობისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი თემები