„საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით…რაჭაზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული”- სალომე ხეთაგურს ემშვიდობებიან

შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.   სალომე ხეთაგური სტიქიის ზონაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთს, გვანცა ბუბაშვილს ამ დრომდე ეძებენ.

გოგონას ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.

„საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით… არიან ადამიანები, პეპლებივით რომ შემოფარფატდებიან ცხოვრებაში და ანგელოზებად გადაინაცვლებენ მარადისობაში… ასეთი იყო სალომე… ხეთაგური სალომე.

ჩემი საოცრად თბილი მეგობრის, საოცრად აღზრდილი და რუდუნებით გაზრდილი შვილი… რაჭაზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, თვალებცქრიალა სალო. ხმაურით წავიდა, მთელი საქართველოს უსაზღვრო სევდა, ნაცნობ- უცნობის დაუშრობელი ცრემლი და გულის კუნჭულში დარჩენილი იმედების ნაპერწკლებიც თან გაიყოლა… მეორე ფოტო შოვშია გადაღებული, თავის დაბადების დღეზე, მარიამობას…

რა არ ვუსურვეთ წარმატებულ მომავალთან ერთად, არ ეყო დრო ამ სურვილების ასასრულებლად. უფალს ებარებოდე ჩემო ლამაზო…

ხათო, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვი, გარდა იმისა, რომ სალომეს ამქვეყნიური საოცარი დედა ხარ. მჯერა, იმქვეყნიურ სამყაროში ზეციური დედოფალი გაუწევს შენს ანგელოზს დედობას, არ შეგეშინდეს, გაძლიერდი გთხოვ.
თანაგიგრძნობ უსაზღვრო ტკივილს შენ ,ტარიელს, გიოს, აზა დეიდას…“ – წერს ოჯახის ახლობელი.

მსგავსი თემები