ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის გზა აბსოლუტურად უსაფრთხოა და მშენებლობა ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
“5 წელია, რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არც ერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, რადგან არ არსებობს.
ჩვენი მთავარია ამოცანაა, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად. რიკოთი დღესაც არის უსაფრთხო გზა”, – განაცხადა ქარსელაძემ.
ცნობისთვის, განმარტებები ინფრასტრუქტურის მინისტრს მას შემდეგ დასჭირდა, რაც პარტია ლელომ რიკოთთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური აუდიტის ჩატარება მოითხოვა.
ოპოზიციის წარმომადგენლები შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათი ცნობით, რიკოთზე გზას საეჭვო წარსულის მქონე ჩინური კომპანიები აშენებენ და სამივე ჩინური კომპანია, რომელსაც სხვადასხვა მონაკვეთი აქვთ ჩაბარებული, სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მხილებულები არიან კორუფციულ გარიგებებში, სამშენებლო ნორმების დარღვევასა და არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში.