შოვში დაღუპულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც იპოვეს. თუმცა, ბურჭულაძეს მათი რაოდენობა ან ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

“მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. იცით თქვენ, რომ ის სრული შემადგენლობა, რაც გავითვალისწინეთ ჩვენ აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად უკვე ადგილზეა. ჩვენ გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ.

მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა, არასრულწლოვანის რამოდენიმე ცხედარი ამოვიყვანეთ”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 17 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.

შოვის ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

მსგავსი თემები