“ამინისტიის მხარდაჭერა, მკრეხელობად მიმაჩნია” – გია ბარამიძე

20 ივნისის დროს გავრილოვების ბანდის მაღალჩინოსნების მიერ, ჩადენილი დანაშაულის ამინისტიის მხარდაჭერა, მკრეხელობად მიმაჩნია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება, რომლის დოკუმენტიც 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულების ამნისტირებას ითვალისწინებს.

“ყველამ იცის ჩემი და მიშას ძმაკაცობაც და ჩემი მისდამი, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ უღრმესი პატივისცემა და პირადად მის მიმართ და ჩვენი ერთად გაკეთებული საქმისადმი ერთგულების შესახებ.

ეს უცვლელი იყო და დარჩება.

მიშას იმიტომაც (სხვა უამრავი კარგი თვისებისა და დამსახურების გარდა) ვცემ პატივს, რომ (მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა, რომ ის ერთპიროვნული მმართველია და სხვის აზრს არ ისმენს) იგი ყოველთვის არა მარტო ისმენდა, არამედ პატივისცემით ეპყრობოდა და ითვალისწინებდა თანამებრძოლების აზრს.

არასდროს მქონია პრობლემა მას რაშიც არ ვეთანხმებოდი, ეს მეთქვა და ეს არა მარტო პირისპირ საუბარში, არამედ საჯაროდაც (მაგალითად როცა გირგვლიანის მკვლელები გამოვიდნენ ამინისტიით ეს ნაბიჯი საჯაროდ გავაკრიტიკე, როგორც მიშას მთავრობის ვიცე პრემიერ მინისტრმა) მომხდარა.

დღეს მიშამ ენმ-ს მოგვიწოდა თუ ქოცები ნიკა მელიას (ნამდვილად გმირულად მებრძოლ თავმჯდომარეს) ყოველგვარი პირობების გარეშე გამოუშვებენ, ასეთ შემთხვევაში, განვიხილოთ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა.

მინდა ვთქვა, რომ ისეთ პირობებში როცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის (რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ამბავია) მიბმა ქოცების 43 პროცენტიან რეზულტატზე, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია.

თამარ ჟვანიას და არსებული (ქოცებით გაძეძგილი) ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების პირობებში არჩევნების რეზულტატების პატიოსნად დათვლის იმედი როგორ უნდა გვქონდეს?

20 ივნისის დროს გავრილოვების ბანდის მაღალჩინოსნების მიერ, ჩადენილი დანაშაულის ამინისტიის მხარდაჭერა, მკრეხელობად მიმაჩნია.

ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, მინდა საჯაროდ ვთქვა, რომ როცა (ჩვენი საამაყო თავმჯდომარე) ნიკა მელია გამოვა და ენმ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, წინასწარ საჯაროდ ვამბობ, რომ ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ საკითხების მოუგვარებლობის გამო, ბოლომდე პრინციპული პოზიცია უნდა დავიჭიროთ (გინდაც მთელი საქოცეთი, სხვა პარტიები და მეგობრების უდიდესი ნაწილი სხვა რამეს გვეუბნებოდნენ) და ბოლომდე გავატაროთ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც აქამდე გვეჭირა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლა პუტინისტური, მოღალატური და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ და სრულიად დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს ამ თანმიმდევრულ, პრინციპულ და მყარ პოზიციას შესაბამისად დააფასებს და ჩვენ დაგვიჭერს მხარს, (მათ შორის თუ მოგვიანებით ადგილობრივ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას) და საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ.”, – წერს გიორგი ბარამიძე.

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.

დოკუმენტს ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ : დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.

“ქართული ოცნებიდან” დოკუმენტს ხელს შალვა პაპუაშვილი და არჩილ თალაკვაძე აწერს.

მსგავსი თემები