,,ვნახეთ, ბათუმის პორტში ვინ იყო, პროგოჟინის პარტია და მათი უშუალო მხარდამჭერები”- გურამ მაჭარაშვილი

ვნახეთ, ბათუმის პორტში ვინ იყო, პროგოჟინის პარტია და მათი უშუალო მხარდამჭერები, ამ ადამიანებს მეთოდები დაუძველდათ და ეს ყველაფერი მათ ვერ უშველის, პრიგოჟინის პარტიის თავმჯდომარე ბათუმში ჩადის და ქუჩის ბიჭივით პოლიციელებს ლანძღავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში მიმდინარე პროცესები იყო პროვოკაცია.

„რუსეთის ათეულობით მილიონი მოქალაქე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ამერიკაში ჩადის და რატომ არ არის იქ პროტესტი? – საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ხელისუფლებას აქვს. წინა ხელისუფლების დროს რუსეთთან რა პროვოკაციებიც იყო, ისიც საკმარისია. ორი-სამი წლის წინ სააკაშვილმა თქვა, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთო. ამაზე რა პასუხი გაქვთ? რუსეთი ხან ცუდია და ხან კარგია? როცა ხელისუფლებაში თავად არიან, მაშინ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგონ და ღვინით და ყვავილით უნდა დახვდნენ საზღვართან? ბათუმში მიმდინარე პროცესები იყო პროვოკაცია. მათი არავის აღარ სჯერა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები